
ეკონომიკის დინამიკის კოვიდპანდემიაზე დამოკიდებულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
Author(s) -
Joseph Archvadze
Publication year - 2021
Publication title -
inovac'iuri ekonomika da mart'va
Language(s) - Uncategorized
Resource type - Journals
ISSN - 2449-2604
DOI - 10.46361/2449-2604.8.2.2021.6-21
Subject(s) - computer science
საქართველო ღია ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყანაა და როგორც ასეთი, მაღალ კორელაციაში იმყოფება როგორც გლობალიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ პრეფერენციებთან, ისე აღნიშნული მდგომარეობიდან წარმომავალ საფრთხეებთან. ამის მკაფიო მაგალითია კოვიდ19-ის გავრცელება საქართველოში, რომელმაც უკვე გადაიტანა აღნიშნული პანდემიის სამი ტალღა და გარკვეული გამოცდილება დააგროვა მასთან ბრძოლის ოპტიმალური გზების ძიებაში, მისი ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დაძლევაში.
პანდემიის უკვე ჩავლილი ტალღების ნეგატიური შედეგები საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობის ჯანდაცვაზე განსხვავებული ზემოქმედებისა და ასიმეტრიული მასშტაბების იყო. კერძოდ, პირველი ტალღის დროს მთავარი დარტყმა მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ, მეორე ტალღის მთავარი დარტყმა მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მოვიდა, მესამე ტალღის ნეგატიური ზემოქმედების დიაპაზონი კი თითქმის თანაბრად „გადანაწილდა“ ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე.
სტატიის მომზადებაში გამოყენებულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური მასალები, აგრეთვე შესაბამის თემაზე ბოლო დროს გამოქვეყნებული სამამულო და უცხოური ლიტერატურა.
მიუხედავად ფართომასშტაბიანი და ინტენსიური კვლევისა, პანდემიის გავლილ პერიოდში ვერ მოხერხდა ცალსახად ხისტი კავშირის „აღმოჩენა“ ეკონომიკის დაცემისა და კოვიდპანდემიის მასშტაბებს შორის. - კავშირი მათ შორის უფრო ვოლატილურია, რომლის მასშტაბები განისაზღვრება ყოველი ქვეყნისა და დროის მიხედვით და მრავალ (ადმინისტრაციულ, სამედიცინო, კულტუროლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ა.შ.) ფაქტორთა მოქმედებითა და ურთიერთგავლენით. ცალკეული ქვეყნების მაგალითები ადასტურებენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდულობისა თუ ლიბერალიზაციის ფაქტობრივად თანაბარი პირობების დროსაც კი შეიმჩნევა მნიშვნელოვანი განსხვავებანი კოვიდ19-ით გამოწვეული ინფიცირების, ლეტალური შემთხვევებისა და ეკონომიკური რყევების მასშტაბებს შორის.
პანდემიის დაწყებიდან პირველი 7-8 თვის მანძილზე საქართველოში ეპიდვითარება გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მის სახმელეთო მეზობლებსა და საშუალოდ მსოფლიოში. თუმცა, პანდემიის მეორე ტალღა საქართველოს ჯანდაცვის სფეროსა და ეკონომიკისათვის უაღრესად ნეგატიური დატვირთვის აღმოჩნდა, რის გამოც პანდემიის სამედიცინო შედეგების ხარისხობრივი მაჩვენებლები საქართველოში მნიშვნელოვნად ჩამორჩა თავისი მეზობელი სახელმწიფოების ანალოგიურ მაჩვენებლებს. აღნიშნული ჩამორჩენა, მიუხედავად ეპიდვითარების და ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლებად სტაბილიზაციისა მომდევნო პერიოდში, ბოლომდე არაა დაძლეული.